კიბერუსაფრთხოების სტატისტიკა ნაწ.2

კიბერუსაფრთხოების სტატისტიკის პირველი ნაწილის სანახავად ამ ბმულს მიჰყევით.

ანტივირუსები არასაკმარისია – იკვეთება დამატებითი უსაფრთხოების იმპლემენტაციის ტენდენცია 

კომპანიათა უმეტესობა უსაფრთხოების რისკის ზრდის ერთ-ერთ მაჩვენებლად ტრადიციული უსაფრთხოების სისტემების (ხელმოწერაზე დაფუძნებული ანტივირუსების) მიმართ ნდობის შესუსტებას ასახელებს.

გამოკითხულ ორგანიზაციათა 69%-ს არ სჯერა, რომ ტრადიციულ ანტივირუსს მათ წინაშე მდგარი საფრთხეების შეჩერება შეუძლია

შედეგად, კომპანიების დიდი ნაწილი დამატებითი უსაფრთხოების იმპლემენტაციის ტენდენციას მიჰყვება, ან ახალი თაობის ანტივირუსების შესყიდვის გადაწყვეტილებას იღებს.

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა რთულება და ძვირდება

ახალი შეტევების პარალელურად უსაფრთხოების მართვა სულ უფრო რთული ხდება კომპანიებისთვის, რაც თავის მხრივ კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო პერსონალისა და შესაბამისად ფინანსების ზრდასაც განაპირობებს.

ორგანიზაციების წინაშე დაისვა კითხვა: გააჩნია თუ არა თქვენს ორგანიზაციას სათანადო რაოდენობისა და ხარისხის რესურსი ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

ორგანიზაციათა მხოლოდ 1/3 მიიჩნევს, რომ ადეკვატური რაოდენობისა და ხარისხის რესურსი გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების სათანადო დონეზე უზრუნველსაყოფად

ადამიანური რესურსების ზრდასთან ერთად, ინფორმაციუი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ფინანსებიც იზრდება. Gartner-ის ინფორმაციით:

მთელ მსოფლიოში კიბერ უსაფრთხოებაზე დახარჯული თანხა 2018 წელს $96 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს!

კვლევის თანახმად, საჭირო ფინანსების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა წარმმართველი ძალა მაინც ფართოდ ცნობილი შეტევები და მონაცემთა გაჟონვაა. Ponemon-ის კვლევის თანახმად:

წარმატებული შეტევის ჯამური ღირებულება საშუალოდ $5 მილიონი დოლარია ან $301 დოლარი თითოეულ თანამშრომელზე.

საშუალო სტატისტიკური შეტევის ღირებულებათა პროცენტული განაწილება ნაჩვენებია დიაგრამაზე:

Ransomware ვირუსებმა იკლო, სანაცვლოდ კი Cryptomining ტიპის ვირუსებმა იმატა

1 წლის წინ Ransomware ვირუსებმა ინტერნეტი დაიპყრო და პიკს 2017 წლის ივნისში მიაღწია – ამ მომენტისთვის ყოველი 10 შეტევიდან 7 Ransomware შეტევა იყო. თუმცა კომპანიებმა თანდათან ჭკუა ისწავლეს და დაცვის საშუალებასაც მიაგნეს, რამაც ამ ვირუსის პოპულარობის დაცემა გამოიწვია:

ივნისში შეტევათა 70%-იანი მაჩვენებლიდან Ransomware შეტევები აგვისტოში ჯერ 30%-მდე, ხოლო დეკემბერში სულაც 5%-ზე დაეცა.

Ransomware-ს დაცემის პარალელურად გაჩნდა ახალი ტიპის ვირუსი Cryptomining, რომელიც მომხმარებელთა კომპიუტერების ხარჯზე შემტევს კრიპტოვალუტის გამომუშავებაში ეხმარება. სტატისტიკის თანახმად:

კრიპტომაინინგის ვირუსი მსოფლიო ორგანიზაციათა 55%-ს ერთხელ მაინც შეეხო.

კრიპტომაინინგის ვირუსის გავრცელებას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მთავარი კი მისი სიმარტივე და კომპანიათა მოუმზადებლობა იყო. ისევე როგორც ransomware-ს შემთხვევაში, ცნობიერების ამაღლებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კრიპტომაინინგის ვირუსის დამარცხებაში. ასევე აღსანიშნავია დიდი კომპანიების მიერ მაბლოკირებელი ფუნქციების შემოღება, რამაც არსებითად დააჩქარა კრიპტომაინინგ ვირუსების პოპულარობის ვარდნა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სტატისტიკები რეალურად იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად სწრაფად განიცდის ევოლუციას კიბერ შეტევებისა და კიბერ თავდაცვის სფერო და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში.