რუსეთ-უკრაინის ომის კიბერ განზომილება

გლობალური კიბერ ლანდშაფტის განვითარების ფონზე, ექსპერტები, მთავრობები და აკადემიური წრეები თვალყურს ინტერესით ადევნებენ რუსეთ-უკრაინის ომს, კონკრეტულად კი, მის კიბერ განზომილებას. მიზეზი უკრაინაზე განხორციელებული კიბერშეტევებია. რუსეთი თავისი კიბერ შესაძლებლობებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან ერთად,  ტოპ სამეულში შედის და მისი ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კიბერ ოპერაციების ინტეგრაცია კონვენციურ სამხედრო მოქმედებებში. როგორც ბევრჯერ ითქვა, წმინდა კიბერ-კონფლიქტები, სადაც მოქმედება მხოლოდ ციფრულ სამყაროში ხდება, ნაკლებ მოსალოდნელია. გაცილებით უფრო რეალურია ომებს, კრიზისებსა და კონფლიქტებს კიბერ განზომილება დაემატოს. და უკრაინა ამის შესანიშნავი მაგალითია.

წყარო: britthoskins.com
წყარო: britthoskins.com

კიბერ ოპერაციები ზუსტად ერგება ე.წ. ჰიბრიდული ომის (hybrid warfare) კონცეფციას, სადაც მხარეები სამხედრო მიზნების მისაღწევად ტრადიციულ და არაკონვეციურ საშუალებებს იყენებენ.

კიბერსივრცეში, მტრის ადგილმდებარეობის დადგენა რთულია, კიბერ შეტევებს ნაკლები პოლიტიკური რისკი სდევს თან, საერთაშორისო სამართალი კი კიბერ სამყაროს ჯერ კიდევ უკონტროლო სივრცედ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ დესტრუქციული კიბერშეტევები უკრაინაში არ მომხდარა, ინციდენტების ნაწილის სამიზნე სამოქალაქო (და არა სამხედრო) ინფრასტრუქტურა იყო.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამორჩეული კიბერ აქტივობებია კიბერ შპიონაჟი და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისტული კამპანიები,რომელიც უკრაინული მედიისა და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე NATO-ს საიტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ DDoS შეტევების მეშვეობით განხორციელდა. ინფორმაციითა და ვიდეოებით მანიპულაცია, არჩევნების გაყალბებაზე ორიენტრებული კამპანია, კონფიდენციალური ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროება, სატელეფონო მოსმენები, დეზინფორმაციის გავრცელება ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო სისტემაში შეღწევა – სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა კიბერკონფლიქტი უკრაინაში. გარდა ამისა, რუსეთის საკომუნიკაციო დაზვერვა ინტერნეტში არსებულ მონაცემებს იყენებდა აღმოსავლეთ უკრაინაში განთავსებული უკრაინული სამხედრო შენაერთების ადგილმდებარეობის დასადგენად.

უკრაინა-რუსეთის ომში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვის სისტემებზე შეტევა (ჯერ) არ განხორციელებულა. შესაძლოა, მომავალში გავიგოთ, რომ ასეთი შეტევები მოხდა, მაგრამ ამჟამად ამას ვერც ერთი ფაქტით ვადასტურებთ. რატომ? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის 5 უფრო მნიშვნელოვანია.

როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობამ ჩათვალა, რომ ყირიმსა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დესტრუქციული კიბერ ოპერაციების წარმოების აუცილებლობა არ არსებობდა. როგორც ჩანს, ფიზიკური ძალის გამოყენება, რუსეთმა იმ ეტაპზე საკმარისად მიიჩნია.

მეორეს მხრივ, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ არის ისე მჭიდროდ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული და დამოკიდებული, როგორც ეს დასავლეთშია და მისი გარემო, მტერს კიბერ შეტევებისთვის ნაკლებად მიმზიდველი მოეჩვენა.

კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ფართომასშტაბიანი კიბერშეტევები კონფლიქტის ესკალაციადაც შეიძლებოდა განხილულიყო, რაც რუსეთის მიზანი ნადვილად არ უნდა ყოფილიყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კიბერშეტევებს უკურეაქციებიც მოჰყვება ხოლმე, რაც თავისთავად, შეტევის ავტორებისთვის დიდი რისკია, რადგან არავინ იცის როგორ შემოუბრუნდება ეს საქციელი მის შემოქმედს. მარტივი მაგალითია Stuxnet, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ შექმნეს, მაგრამ მისი გავრცელება ხანგრძლივი თავისტკივილის მიზეზი გახდა ბევრი სხვისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანია მომენტია ის, რომ დესტრუქციული კიბერ ოპერაციები შესაძლოა პრაქტიკულად უფრო რთული იყოს, ვიდრე ფართო საზოგადოებისთვის ჩანს. რეალურად, ძალიან რთულია შექმნა კიბერ იარაღი, რომელიც მხოლოდ იმ სამიზნეს შეუტევს, რომელსაც განუსაზღვრავ და გაუთვალისწინებელი მსხვერპლის გარეშე, ზუსტად მიზანში მოხვდება.

მეხუთე არგუმენტია, რომ სახელმწიფოები მზად არიან გაასაიდუმლონ თავიანთი კიბერ შესაძლებლობები მანამ, სანამ მათი გამოყენება გარდაუვალი არ გახდება, მაგალითად, სასიცოცხლო საფრთხის წინააღმდეგ. უკრაინასთან კონფლიქტი კი რუსეთისთვის ამ კატეგორიას არ შეესაბამებოდა.

სამომავლო ომებსა და კონფლიქტში, სავარაუდოა, რომ კიბერ ოპერაციები განსაზღვრავენ საბრძოლო გარემოს, თუმცა ისინი არ იქნებიან გადამწყვეტი სამხედრო ქმედებები. იარსებებენ ისეთი სახელმწიფოებიც, რომლებიც თავიანთ კონვენციურ და კიბერ შესაძლებლობების კომბინირებას მოახერხებენ სამხედრო და პოლიტიკური მიზნების უფრო ეფექტურად მიღწევისთვის.

მართალია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში დესტრუქციული კიბერ შეტევების არსებობას ვერ ვამტკიცებთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ინციდენტები არ მომხდარა. მაგალითად, დეკემბერში უკრაინის რეგიონულ ელექტრომომარაგების სისტემაზე განხორციელებულმა შეტევამ 1.4 მილიონი ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა რამდენიმე საათის განმავლობაში. ამ თემასთან დაკავშირებით, უამრავი შეკითხვა ჯერ ისევ პასუხგაუცემელია. უკრაინაში კი ომი არ დასრულებულა და შეიძლება კიბერ შეტევების ახალი ტალღის თვითმხილველები გავხდეთ.

სტატია მომზადებულია Council on Foreign Relations-ის მასალებზე დაყრდნობით.

დატოვეთ კომენტარი