დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული რისკები, როგორ დავიცვათ ბავშვი ინტერნეტში ?

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ბავშვებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების წინაზე აყენებს. მათ უწევთ უფრო მეტი დრო გაატარონ ინტერნეტთან რომელიც დაკავშირებულია არაერთ საფრთხესთან.  საბედნიეროდ არსებობს სპეციალური პროგრამები და ინტერნეტ ბრაუზერებში ჩაშენებული ფუნქციები ბავშვების კონტროლისთვის, თუმცა ეს არასაკმარისია. აუცილებელია მშობელი ჩართული იყოს მისი შვილის ონლაინ ცხოვრებაშიც და დარწმუნდეს, რომ ბავშვმა იცის რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს ინტერნეტ სივრცეში.

საფრთხეები ინტერნეტში

ბავშვები ბუნებრივად გულღია და მიმნდობნი არიან და ნაკლებად იცნობენ ინტერნეტის ბნელ მხარეებს. შესაბამისად ადვილად ებმებიან გამოცდილი ადამიანების მახეში. აქ ჩამოვთვლით ზოგიერთ პოტენციურ პრობლემას:

სახიფათო კონტაქტები: იმ ადამიანებთან რომელთაც ბოროტი განზრახვები ამოძრავებთ, სურთ ბავშვების ექსპლუატირება ან მიმართავენ ბულინგს.

არასათანადო ქცევები: გამოწვეული ბავშვისა და მისი მეგობრების ურთიერთობით. პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, სხვისი ქცევებისთვის აყოლა, გინება, შეურაცხყოფა, დამცირება „მეგობრების“ წაბაძვით და სხვა…

არასათანადო კონტენტი: ბავშვს წვდომა აქვს პორნოგრაფიაზე, რასისტულ, ექსტრემისტულ, ძალადობის შემცველ ინფორმაციასა და სხვა საზიანო მასალებზე. ბავშვი მათ შეიძლება შემთხვევითაც გადაწყდეს.

კომერციალიზმი: ბავშვი შეიძლება გახდეს აგრესიული მარკეტინგისა და რეკლამების მსხვერპლი.

კიბერ ბულინგი ყველაზე გავრცელებული ფენომენია. ის გულისხმობ ზიანის მომტანი და სამარცხვინო ინფორმაციებისა თუ აუდიო, ფოტო და ვიდეო გამოსახულებების გავრცელებას. ინფორმაცია შეიძლება იყო რეალურიც და არარეალურიც. მაგალითად, ჭორების გავრცელება, ფოტომონტაჟი, პერსონალური ინფორმაციების გასაჯაროება და სხვა. ამან შეიძლება დამანგრეველი გავლენა იქონიოს ბავშვზე.

ბავშვის ცნობისმოყვარეობა კატასტროფული შედეგებით შეიძლება დასრულდეს. სწორედ ბავშვების ცნობისმოყვარეობას იყენებენ პედოფილები, რომლებიც მალავენ თავიანთ ნამდვილ ვინაობას, იყენებენ მონტაჟს, უმეგობრდებიან ბავშვებს და შემდეგ ახდევინებენ ვებ კამერის წინ. არ არის გამორიცხული შანტაჟის გამოყენებაც.

ბავშვების დაუფიქრებლობა და მიმნდობლობა იწვევს პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას. ეს მონაცემები მოიცავს არამხოლოდ სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერსა და მისამართს, არამედ მშობლების საკრედიტო ბარათების მონაცემებს და არალეგალურ კონტენტსაც. ასეთია მაგალითად სურათები, რომლებიც ასახავს სასმლის სმასა და სიგარეტის მოწევას ბავშვების მიერ.

ბავშვების ცოდნის სიმწირის გამო ხშირად ვერ ხვდებიან, რომ მოპარულ პროგრამებთან ერთად (როგორიცაა მაგალითად თამაშები) იწერენ ვირუსებსაც, რომელიც კომპიუტერს აზომბირებს და ჰაკერებს საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეთ კომპიუტერში არსებულ ყველა ფაილზე, ვებ კამერაზე, ხმის ჩაწერაზე და ა.შ.

როგორ დავიცვათ ბავშვები?

  • გამოიყენეთ ინტერნეტში ბავშვის კონტროლის პროგრამები (Parental Control System) და ინტერნეტ ბრაუზერებში ჩაშენებული შესაბამისი ფუნქციები. მოახდინეთ კონტენტის ფილტრაცია, მონიტორინგი და დაკვირვება. კომპიუტერი დადგით ისეთ ადგილზე, რომ ხედავდეთ რას აკეთებს თქვენი შვილი ინტერნეტში ყოფნისას.
  • მონიტორინგის სისტემები საკმარისი არ არის. აუცილებელია ბავშვთან პირადი კონტაქტი, ინტერნეტთან დაკავშირებული საკითხების ახსნა და ხშირი საუბარი. აიღეთ პასუხისმგებლობა. თქვენზეა დამოკიდებული რას ნახავს თქვენი შვილი ინტერნეტში, ვისთან იკონტაქტებს და როგორ გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მასზე.
  • ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს უამრავი მასალა, რომელიც მისთვის არაშესაფერისია და ყველაფერი რასაც ინტერნეტში ნახულობს სიმართლე არ არის.  მან უნდა იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა და გაუმჟღავნებლობა.
  • დააყენეთ ანტივირუსი და აუხსენით ბავშვს, რომ მისი გათიშვა არ შეიძლება. ის დაიცავს თქვენს კომპიუტერს იმ ვირუსებისგან, რომლებიც ბავშვის მიერ გადმოწერილ პროგრამებს მოჰყვება.
  • დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილმა იცის სოციალური ქსელების მოხმარების საბაზისო წესები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაამჟღავნონ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ID, პაროლი) და პერსონალური მონაცემები, არ გაავრცელონ შეუსაბამო ფოტოები, არ ენდონ უცხო პირებს და იმეგობრონ მხოლოდ რეალურად ნაცნობ ადამიანებთან.
  • თუ თქვენი შვილი ინტერნეტში გაცნობილ ადამიანთან პირად შეხვედრაზე აპირებს წასვლას, აუცილებლად პირადად გაარკვიოთ მისი იდენტობა და დარწმუნდეთ ამ პიროვნების რეალურობაში. რეკომენდებულია, რომ შვილს თან გაჰყვეთ შეხვედრაზე და მარტო არ გაუშვათ.
  • ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ P2P სისტემების გამოყენებით ფაილების გადმოწერისას, იყოს ყურადღებით და საეჭვო ფაილები არ გადმოწეროს. დიდი შანსია ეს ფაილები ვირუსებს შეიცავდეს.
  • ნუ მისცემთ ბავშვებს უფლებას თავად შეავსონ ონლაინ ფორმები. უმჯობესია ისინი მოვიდნენ თქვენთან და თქვენ თავად შეავსოთ ეს ფორმები ბავშვის სახელით, მას შემდეგ რაც დარწმუნდებით ვებ საიტის ავთენტურობაში.
  • თუ თქვენი შვილი სტუმრობს ჩატის ოთახებს, აუცილებელია იცოდეს, რომ გამოიყენოს მხოლოდ ნიკნეიმი და არავითარ შემთხვევაში რეალური სახელი. ამასთან არ გაავრცელოს საკუთარი სურათები. აუხსენით, რომ ონლაინში ნებისმიერი შეიძლება იტყუებოდეს თავისი იდენტობის შესახებ და რომ ონლაინ მეგობრები მაინც უცხოები არიან.
  • ასწავლეთ ბავშვებს, დააიგნორონ უცხო პირების მიერ მოწერილი მეილები და ჩატში მიღებული მესიჯები. მათ უნდა იცოდნენ, რომ არ შეიძლება გახსნან ასეთ მეილზე მიმაგრებული წერილები ან დააკლიკონ მესიჯებში გამოგზავნილ ლინკებს.
  • და ბოლოს, იყავით გახსნილი და ასწავლეთ იგივე ბავშვსაც. თქვენ უნდა იცოდეთ ვისთან და რას ლაპარაკობს თქვენი ბავშვი, ამისთვის კი აუცილებელია ნდობის არსებობა – ბავშვს უნდა შეეძლოს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე საუბარი.