ყარაბახის ინფორმაციული და კიბერ ომი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბახის 4-დღიანი (2-5 აპრილი) კონფლიქტის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ინფორმაციული ომიც. ორივე მხარე ავრცელებდა დეზინფორმაციებს როგორც საკუთარი წარმატებების, ისე მოწინააღმდეგის წარუმატებლობების შესახებ. ხდებოდა ინფორმაციისა და მონაცემების გაყალბება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ცრუ ინფორმაციების გავრცელება და ეს ყველაფერი მიმდინარეობდა ურთიერთბრალდებების ფონზე.

სომხურმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Monte Melkonian Cyber ​​Army-მ უკვე 2 აპრილს აქტიური შეტევები წამოიწყო აზერბაიჯანულ სამთავრობო საიტებსა და საბანკო სექტორზე. ყურადღების გარეშე არც საინფორმაციო საიტები დარჩენილა. უმთავრესად ადგილი ჰქონდა DDoS შეტევებს, რომლის მეშვეობითაც გაითიშა სამთავრობოს საიტი gov.az, საინფორმაციო საიტები apa.az, irevanaz.com, anarim.az და aze.az. აღნიშნული კიბერ დაჯგუფება ასევე აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს აზერბაიჯანულ მხარის დანაკარგი იყო 14 ტანკი, 2 დრონი, 2 ვერტმფრენი, 200 ჯარისკაცი და რამდენიმე საბრძოლო მანქანა.

12901056_490373837819432_6564545308821491904_o
ზოგი სომხური საინფორმაციო წყაროს ცნობით, სურათზეა აზერბაიჯანის მიერ ყარაბახისკენ ნასროლი “სმერჩის” რაკეტა. რეალურად ფოტო 2015 წელს უკრაინაშია გადაღებული. წყარო: ჟურნალი “არსენალის” ფეისბუქ გვერდი

3 აპრილს კიბერ ომში მეორე სომხური ჰაკერული დაჯგუფებაც ჩაერთო – Armenian Cyber Army. მათ დაჰაკეს და დაადიფეისეს რუსეთში აზერბაიჯანული საელჩოს ოფიციალური ტვიტერის გვერდი.

4 აპრილს Monte Melkonian Cyber Army-მ გამოაქვეყნა 25 000 აზერბაიჯანელი ჯარისკაცის პირადი მონაცემები, რომელიც მათი თქმით ერთ-ერთი სამთავრობო საიტის გატეხვის შედეგაც მოიპოვეს, თუმცა საიტის სახელი არ დაკონკრეტებულა.

სომეხი ჰაკერების საპასუხოდ აზერბაიჯანელმა ჰაკერებმა გატეხეს სომხეთში არსებული რუსეთის საელჩოს ტვიტერის გვერდი და გამოაქვეყნეს განცხადება, რომ რუსეთი უსამართლოდ იჭერს სომხეთის მხარეს და ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს მხოლოდ მას შემდეგ რაც ნახა, რომ სომხეთი მარცხდება. აზერბაიჯანელ ჰაკერებს გვერდში დაუდგა თურქული ჰაკერული დაჯგუფება Turk Hack Team. მათ აქტიური DDOS შეტევები მიიტანეს სომხურ სერვერებზე. აღსანიშნავია, რომ ეს დაჯგუფება DDOS შეტევის ძალით აქამდეც ცნობილი იყო – 2015 წელს გათიშეს ვატიკანის ოფიციალური ვებსაიტი, მას შემდეგ რაც პაპმა ფრანცისკმა თავის გამოსვლაში სიტყვა „გენოციდი“ გამოიყენა სომხეთზე საუბრისას.

12924483_490013911188758_2227742282754856592_n
ზოგიერთმა აზერბაიჯანულმა წყარომ სურათზე გამოსახული ტანკი, განადგურებულ სომხურ ტანკად გაასაღა. რეალურად სურათ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაა გადაღებული. წყარო: ჟურნალ “არსენალის” ფეისბუქ გვერდი

Turk Hack Team-ის განცხადებით, მათ მოახერხეს და გათიშეს სომხეთის სამთავრობო პორტალები, ეროვნული ბანკის, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გვერდები. სომხური მხარე ადასტურებს შეტევების რეალურობას, თუმცა მათი განცხადებით, თურქი და აზერბაიჯანელი ჰაკერების შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია.

ყარაბახის 4-დღიანი კონფლიქტი 2 აპრილს დაიწყო, 5 აპრილს კი მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მცირე შეტაკებები კი 9 აპრილამდე გაგრძელდა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა და ინფორმაციული ომი არ დასრულებულა. სომეხი ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტის სამველ მარტიროსიანის განცხადებით, სომხური ინტერნეტ სივრცე უფრო ერთიანი იყო ვიდრე აზერბაიჯანული. აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის შაჰინ რზაიევის განცხადებით კი, სოციალურ ქსელში სომხების ქცევა აგრესიული და ისტერიული იყო, რაც აქამდე არ მომხდარა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის უახლოესმა დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაციული და კიბერ ომი, საბრძოლო მოქმედებების განუყოფელ ნაწილად იქცა.

დატოვეთ კომენტარი