ყველაზე გავრცელებული პაროლები საქართველოში

ახალი წლის დადგომასთან ერთად, უცხოური გამოცემები ტრადიციულად გვთავაზობენ წინა წლის განმავლობაში გაჟონილი პაროლების ანალიზს და ყველაზე გავრცელებული პაროლების ათეულს. მორიგი ათეულის გაცნობისას, გაგვიჩნდა კითხვები: როგორ და რის მიხედვით ქმნიან პაროლებს ქართველი მომხმარებლები? რომელ პაროლებს იყენებენ ყველაზე ხშირად? რომელი სიტყვა ფიგურირებს ყველაზე ხშირად პაროლებში? რამდენია ქართული პაროლების საშუალო სიგრძე?
აქვე ავღნიშნავთ, რომ თუ ამ სტატიაში წააწყდით თქვენს პაროლს, დაუყოვნებლივ გამოცვალეთ 🙂

მონაცემები
“ქართული“ პაროლების ანალიზისთვის გამოვიყენეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორუმზე გამოქვეყნებული მონაცემები – ჩვენს მიერ მოგროვილი პაროლების საერთო რაოდენობა 200,000-ს აღემატება.
პირველ რიგში, ქართველი მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებულ 10 პაროლს გთავაზობთ:

ტოპ 10 ქართული და უცხოური პაროლები შესადარებლად:

აღნიშნული 10 პაროლის ჯამური რაოდენობა მთლიანი პაროლების 1.08%-ს შეადგენს, რაც თეორიულად ნიშნავს იმას, რომ ჰაკერს ყოველი 100 პაროლიდან ერთის გამოცნობა მარტო ამ ათი პაროლის გამოყენებით შეუძლია.

პაროლების სიგრძე
ქართველი მომხმარებლების პაროლების საშუალო სიგრძე 9 სიმბოლოა. აღსანიშნავია რომ მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლებში პაროლების სიგრძე თითქმის თანაბარია და უმეტესად 6-დან 11 სიმბოლომდე შუალედში მერყეობს. 14 სიმბოლოზე მეტი სიგრძის პაროლები ძალიან იშვიათად გვხვდება.

Capture33

როგორ ვქმნით პაროლებს
პაროლების შედგენისას ჩვენ ვიყენებთ მარტივ სიტყვებს – ძალიან ხშირად მხოლოდ ერთს და ძალიან იშვიათად ორზე მეტს. ზოგჯერ პაროლის გასართულებლად მათ პირველ ასოებს ვწერთ მაღალი რეგისტრით და თუ უფრო მეტად გართულება გვინდა უმეტეს შემთხვევაში ვიყენებთ დაბადების თარიღს. თარიღის დაწერისას ვიყენებთ როგორც წლის ბოლო ორ ციფრს, ისე მთლიანად წელს და არც თუ იშვიათად დაბადების წელს თვეს და რიცხვს – თუმცა არა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით – marikuna93, levan1987, aniani251995 და ასე შემდეგ.

პაროლის შედგენისას ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა არის miyvarxar, mikvarxar, miyvars. მას იყენებენ როგორც გოგოები ისე ბიჭები, ხშირად სახელებთან და ნაცვალსახელებთან, ასევე რამდენიმე ციფრთან ერთად. სახელების უმეტესობა არის შვილის ან საყვარელი ადამიანის, ზოგჯერ გამოიყენება მოფერებითი სახელიც – cqnapamiyvarxar. ასეთი პაროლების მაგალითებია:
• memiyvars
• ninimagramiyvars
• tamomiyvarxar
• miyvarxarmeshen7
• gegamikvarxar

პაროლებში 5 ყველაზე ხშირად გამოყენებული სახელებია:
• giorgi
• mariami
• nini
• levani
• salome
პაროლების შექმნისას აქტიურად გამოიყენება საკუთარი სახელი და საკუთრ სახელს დამატებული დაბადების თარიღი სხვადასხვა ფორმატითა და სიგრძით. ასევე ახლო ნათესავის, მაგალითად შვილის სახელი და მისი დაბადების თარიღი – pataratamari2012. თარიღი და სახელი ზოგჯერ შებრუნებულია, ანუ ჯერ თარიღი წერია და შემდეგ სახელი. გავრცელებულია საკუთარ სახელთან ერთად საკუთრი გვარის, საყვარელი ადამიანის, დაქალის და ძმაკაცის სახელის გამოყენებაც – giorgimariami, vikalevani, teklaanastasia77, marigvanca, marikodumbadze94.

ზოგჯერ პაროლად გამოყენებულია ესა თუ ის სიტყვა ან სიტყვათა თანწყობა, რომელიც ამ კონკრეტულ ადამიანზე გავლენას ახდენს, მოსწონს ის და იოლად დასამახსოვრებლად მიიჩნევს. ასეთებია, საყვარელი გუნდის სახელები – valenciacf, ჯადოქრული სიტყვები ჰარი პოტერიდან, მაგალითად როგორიცაა – seqtumsempra, morsmorde და ასე შემდეგ.

Capture44

ბარსა VS რეალი
ბარსელონას და რეალის ფანები ყველაფერში ექიშპებიან ერთმანეთს. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ სანახაობრივი ფეხბურთის ორი საუკეთესო კლუბის ფანი პაროლების რაოდენობა ერთმანეთთან შეგვედარებინა.
ბარსელონას ფანების გულის გასატეხად, პაროლებში „madrid“-ის გამოყენება თითქმის 20%-ით აღემატება „barcelona“, „barselona“, „barsa“, „barca“-ს შემადგენლობის მქონე პაროლების რაოდენობას:

რამდენად გვიცავს პაროლი?
ზემოაღნიშნული მეთოდებით შედგენილი პაროლების სიგრძე, აშკარად საშუალო სიგრძეზე ბევრად მეტია და შეიძლებოდა დაცულ პაროლად მიგვეჩნია, მაგრამ ეს შეცდომა იქნება. ასეთი პაროლების გამოცნობა სულაც არ არის რთული: ჯერ ერთი იმიტომ, რომ არსებობს ე.წ ვორდლისტები, სადაც ყველა შესაძლო სიტყვა და სახელი უკვე ჩამოწერილია. გარდა ამისა, არსებობს პროგრამები, რომლებსაც ამ სიტყვების გამოყენებით მხოლოდ დანარჩენი სიმბოლოების გამოთვლა სჭირდებათ. ვინაიდან დანარჩენი სიმბოლოების სიგრძე იშვიათად იქნება 6-ზე მეტი, გამოდის ჰაკერს ჩვენი პაროლი 1-2 საათში ხელთ ექნება. სწორედ ამ მიზეზების გამო ასეთი პაროლების სიგრძეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და არ შეიძლება ისინი დაცულ პაროლებად მივიჩნიოთ.
თუ შევაჯამებთ, ჩვენ პაროლებს ვადგენთ ჩვენთვის იოლად დასამახსოვრებელი სიტყვებითა და ციფრებით. ეს სიტყვები და ციფრები ახლო კავშირშია უშუალოდ ჩვენთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგ კრეკერს ლოგიკური აზროვნებით თავისუფლად შეუძლია თითოეული ჩვენგანის პაროლის გატეხვა თუკი ჩვენზე საკმარისი ინფორმაცია გააჩნია. რისი მოპოვებაც ძალზე ადვილია საძიებო სისტემებით და სოციალურ ქსელებში.

ადამიანები პროგნოზირებადები არიან
თუ პაროლს ვქმნით ჩვენი ფეისბუქისთვის და ფეხბურთის ფანი ვართ, რომელი ფეხბურთის კლუბი მოგვდის თავში პირველ რიგში? რა თქმა უნდა, ბარსელონა ან რეალ მადრიდი. არ მინდა რომ პაროლი დამავიწყდეს და მარტო სახელი რომ დავწერო, ვინმემ არ გამოიცნოს. მოდით ციფრსაც გავურევ და ბოლოს რამესაც მივაწერ – barcelona4ever – მორჩა, ჩემი პაროლი უსაფრთხოა. მე კი რეალის ფანი ვარ, იოლად დავიმახსოვრებ RealMadridFan-ს, მაღალი რეგისტრის ასოებიც გამოყენებული მაქვს სირთულისთვის, მაგრამ რომ ვერ გამოიცნონ მოდი კიდევ გავართულებ. რომელ წელს დავიბადე? 1988-ში, მშვენიერია – RealMadridFan88.

რეკომენდაციები
პაროლების შერჩევისას ეცადეთ იყოთ არაპროგნოზირებადები. არ გამოიყენოთ საკუთარი თუ ოჯახის წევრების ან ნათესავ-მეგობრების სახელები, ისევე როგორც დაბადების თარიღი. პაროლების შედგენისას მიღებულია პარაფრაზირების მეთოდის გამოყენება – ვიღებთ ჩვენთვის კარგად დასამახსოვრებელ ფრაზას, მაგალითად: I have two kids Davit and Mikheil. ვირჩევთ სიტყვის პირველ ასოებს, ბოლოს ვამატებთ რამე რიცხვს და ვაგენერირებთ პაროლს – Ih2kD&M19. ამ ყველაფერთან ერთად ეცადეთ, პაროლის სიგრძე არ იყოს 8 სიმბოლოზე ნაკლები და შეიცავდეს: მაღალი და დაბალი რეგისტრის სიმბოლოებს, ციფრებს და დამატებით სიმბოლოებს (@#$%&).

ბოლოსიტყვის მაგივრად კი გთავაზობთ რამდენიმე სახალისო პაროლს:

  • 2003shidavibademe
  • Graciozuki
  • chantarikotatula!1987<3
  • isterichka
  • patarasurtyavs
  • damexmare
  • shtepcela
  • qalishvilia
  • pr0stitutka
  • sidebilisgansaxiereba1997

დატოვეთ კომენტარი