მონაცემთა უწყვეტი ნაკადი – 1 წუთი ინტერნეტ სივრცეში

როდისმე გიფიქრიათ რა ზომის მონაცემები ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში – რამდენი ვიდეო იტვირთება, რამდენი მოწონება და გაზიარება ხდება ფეისბუქზე, რამდენი მოთხოვნა იგზავნება გუგლის საძიებო სისტემაში ან თუნდაც რამდენჯერ მიმართავენ ამინდის პროგნოზის საიტებს მომხმარებლები?

ინტერნეტში ციფრული მონაცემების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მისი განხილვა მხოლოდ ზომის მიხედვით არამართებული იქნებოდა. თითოეული გაზიარება, თითოეული დაწერილი პოსტი თუ ატვირთული სურათი სამუდამოდ ციფრულ მონაცემთა ნაწილი ხდება და მნიშვნელოვნად ზრდის მის საერთო მოცულობას. ბმულზე ჩვენი ყოველი დაწკაპუნებაც კი კვალს ტოვებს ციფრულ სამყაროში და იძლევა გარკვეული სახის ინფორმაციას ჩვენს შესახებ, რომელიც სამუდამოდ ინახება და ანალიზების საშუალებას იძლევა.

შეიძლება ითქვას, დღესდღეობით მონაცემები საერთაშორისო ვალუტადაა ქცეული. სწორედ მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და ეფექტური გამოყენება განასხვავებს საუკეთესოებს დანარჩენებისგან.

მონაცემთა ანალიზისთვის 2010 წელს შეიქმნა შესანიშნავი პლათფორმა სახელად DOMO, რომელმაც 2012 წელს პირველად დაიწყო მონაცემების გაზომვა წუთობრივად. ამ დროიდან მოყოლებული დომოსფერო მონაცემთა ანალიზის განუყოფელი ნაწილი გახდა. DOMO მონაცემების მიღებისთვის სხვადასხვა წყაროებს იყენებს, მათ შორის ციფრული მედიის გიგანტებს, როგორებიცაა ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი, პინტერესტი და ა.შ.

როგორც მოგეხსენებათ, ინტერნეტში არსებულ მონაცემთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და მაინც, რა რაოდენობის ინფორმაცია ემატება ციფრულ მონაცემთა ზღვას ყოველ წუთს?

DOMO-ს მონაცემების მიხედვით, 2012 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი 2.1 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2014 წელს – 2.4 მილიარდს. არსებითი გარდატეხა მოხდა 2015 წელს და ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობამ 3.2 მილიარდს მიაღწია. მომხმარებელთა ზრდა არც 2016 წელს შეჩერებულა და 3.4 მილიარდს გადააჭარბა.

cyberhouse4

მომხმარებელთა ზრდა, ბუნებრივია ავტომატურად იწვევს მონაცემთა ზრდას, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად თითოეული მომხმარებლის მიერ წარმოებულ მონაცემთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება. მაშასადამე, ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელთა ჩართულობის დონეც მატულობს და პროცესს შენელების არაფერი ეტყობა. მაგალითად, 2012 წელს youtube-ს მომხმარებლები ყოველ წუთს 48 საათის მოცულობის ვიდეოები იტვირთებოდა ხოლო 2014 წელს – 72 საათის. მომხმარებელთა მნიშვნელოვანმა მატებამ შედეგი youtube-ზეც აჩვენა –  2015 წელს ყოველ წუთს ატვირთული ვიდეოების მოცულობამ 300 საათი შეადგინა, ხოლო 2016 წელს კიდევ მოიმატა და 400 საათი შეადგინა.

cyberhouse5

ნურც twitter-ს დავივიწყებთ. თუ 2012 წელს ყოველ წუთს „მხოლოდ“ 100 000 ტვიტი ვრცელდებოდა, 2014 წელს ეს მონაცემები თითქმის გასამმაგდა და 277 000 შეადგინა, 2015 წელს კი 350 000-მდე ავიდა.

საძიებო სისტემის გიგანტი კომპანია Google-ს მონაცემები გაოცებას იწვევს. ძიებისთვის Google-ს მომხმარებელთა 78% იყენებს. Google-ზე 2012 წელს ყოველ წუთს 2 მილიონი საძიებო მოთხოვნა იგზავნებოდა, 2014 წელს ეს რაოდენობა გაორმაგდა და 4 მილიონი გახდა. მომხმარებელთა და მათი მოთხოვნების ზრდამ, გუგლში ძიებათა რაოდენობაც გაზარდა, თუმცა სხვა საძიებო სისტემების გამოყენების ზრდამ გუგლში ძიების ზრდის ტემპი რამდენადმე შემცირდა და 2016 წელს 6 მილიონი შეადგინა.

Instagram-ზე სურათების გაზიარების რაოდენობა 2012 წელს წუთში 3600-ს შეადგენდა, პოსტების რაოდენობა კი 100 000-ს აღწევდა. 2014 წელს მისი პოპულარობის ზრდა მონაცემებზეც აისახა – პოსტების რაოდენობა ერთ წუთში 216 000 გახდა. 2015 წელს სურათების 1 736 111-ჯერ დალაიქება ხდებოდა ერთ წუთში, 2016 წელს კი – 2 430 555.

cyberhouse2

გულგრილს არც amazon-ის სტატისტიკა დაგტოვებთ. ეს კომპანია ონლაინ გაყიდვებით ყოველ წუთში $83 000 ამერიკულ დოლარს შოულობდა. სულ რაღაც 2 წელში შემოსავლების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და ყოველ წუთს მიღებულმა შემოსავალმა $222 283 ამერიკული დოლარი შეადგინა… ეს კი დღეში 320 მილიონი დოლარია!

ფეისბუქის მონაცემები რა თქმა უნდა მხოლოდ მილიონებში თუ გაიზომება… მომხმარებლები კი მილიარდებში. მასზე 1.71 მილიარდი ადამიანია დარეგისტრირებული. ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1.13 მილიარდია. საიტზე დარეგისტრირებულია ინტერნეტის მომხმარებელ ქალთა 76% და მამაკაცების 66%. მომხმარებელთა 50% გაღვიძებისთანავე სტუმრობს ფეისბუქს. ფეისბუქის მომხმარებლები ყოველ წუთს 4 მილიონზე მეტჯერ აჭერენ მოწონების ღილაკს და 3 მილიონზე მეტჯერ გაზიარების ღილაკს. ფეისბუქის მესენჯერში ერთ წუთში 216 300 სურათი იგზავნება.

cyberhouse1

არც ისე შთამბეჭდავია Apple-ს აპლიკაციების ჩამოტვირთვის მონაცემთა ზრდის ტემპი. 2012 წელს ერთ წუთში ჩამოტვირთული აპლიკაციების რაოდენობა 47 000 შეადგენდა, 2014 წელს – 48 000-ს, ხოლო 2015 წელს – 51 000-ს.

და ბოლოს, ყველაზე დიდი რაოდენობით მოთხოვნები იგზავნება ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით. ყოველ წუთს თითქმის 14 მილიონი მოთხოვნა იგზავნება ამინდის პროგნოზის გასაგებად. ეს კი ერთ საათში 800 მილიონზე მეტი მოთხოვნაა…

 

დატოვეთ კომენტარი